English / ქართული / русский /
რამაზ ფუტკარაძე
საქართველოსა და აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობები გლობალიზაციის პირობებში

ანოტაცია. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო სავაჭრო (და არა მარტო სავაჭრო) ურთიერთობაა. აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო ქვეყანაა, რასაც ძირითადად გეოგრაფიული ფაქტორი განაპირობებს. ასევე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია საქართველო აზერბაიჯანისთვისაც, მაგრამ ამ უკანასკნელის საგარეო ვაჭრობაში საქართველოს როლი შედარებით დაბალია. საქართველოში აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი არის ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი.

ნაშრომში განხილულია მხარეთა შორის სავაჭრო საკითხები და გაკეთებულია დასკვნა, რომ მათ შორის ამ კავშირების გაღრმავება კიდევ უფრო მეტადაა შესაძლებელი.

საქსტატის მონაცემების მიხედვით საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში აზერბაიჯანი ყოველთვის იყო წარმოდგენილი. 2022 წლის მონაცემებით მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ. აზერბაიჯანი სავაჭრო ბრუნვის მიხედვით წარმოადგენს მეოთხე ქვეყანას თურქეთის, რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ, იმპორტის მიხედვით კი − მეექვსე ქვეყანას თურქეთის, რუსეთის, ჩინეთის, აშშ-ის და გერმანიის შემდეგ.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, აზერბაიჯანი, ექსპორტი, იმპორტი, საგარეო ვაჭრობა.

აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელი, მსხვილი სავაჭრო და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა და  ყოველთვის ინარჩუნებდა საქართველოს საექსპორტო და საიმპორტო ქვეყნებს შორის ლიდერობას. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან მჭიდრო და სტაბილური თანამშრომლობის შენარჩუნება: ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის,  ტრანსპორტისა  და სხვა სფეროებში.

საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია სხვა ღონისძი­ებებთან ერთად ქვეყნის  საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდას. საქართველოს აზერბაიჯანთან ურთიერთობა გამოირჩევა ექსპორტის ნაკლებობით იმპორტთან შედარებით. N1 ცხრილში წარმოდგენილია მხარეთა შორის ძირითადი სავაჭრო მაჩვენებლები.

                                                                                                                                              ცხრილი 1

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობა  2012-2022 წლებში

 

წელი

ექსპორტი

საქართველოდან  აზერბაიჯანში

იმპორტი

აზერბაიჯანიდანსაქართველოში

საქართველო- აზერბაიჯანის

სავაჭრობრუნვა

სალდო

მილიონიდოლარი

წილი %

მილიონიდოლარი

წილი,  %

მილიონიდოლარი

წილი,%

2010

256,2

15,3

484,8

9,3

741,0

22,8

-228,6

2011

425,9

19,5

636,3

9,0

1062,2

25,6

-210,4

2012

626,9

26,4

703,8

8,7

1330,7

12,8

-76,9

2013

709,9

24,4

655,9

8,1

1365,8

12,5

54,0

2014

544,4

19,0

640,3

7,4

1184,5

10,3

-95,9

2015

241,0

10,9

538,6

7,0

779,6

7,9

-297,6

2016

152,4

7,2

492,6

6,8

645,0

6,9

-340,1

2017

272.1

9.9

567,1

7,1

839,2

7,9

-295,0

2018

507,6

15

592,8

6,3

1100,4

8,6

-85,2

2019

508,7

13,14

559,0

5,9

1067,5

8,0

-50,3

2020

441,3

13,2

513,2

6,4

954,5

8,4

-71,9

2021

531,7

12,5

598,4

5,9

1130,1

7,9

-66,7

2022

672,6

12,0

640,2

4,7

1312,8

5,9

32,4

წყარო: https://www.geostat.ge/ka

საქსტატის მონაცემების მიხედვით საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში აზერბაიჯანის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 12%-ს უტოლდება, რაც  ჩინეთის შესაბამის მაჩვენებელს 1.2% პუნქტით ჩამორჩება  [საქსტატი, https://www.geostat.ge].

 საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ  მაღალია და ასევე წლების მიხედვით მზარდი. მიუხედავად 2019 და 2020 წელს მსოფლიოში გავრცელებული COVID-19 პანდემიისა, აზერბაიჯანი საქართველოს ექსპორტში ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა 13,2% პუნქტით. ეს მონაცემი ჩინეთის მაჩვენებელს, რომელიც პირველ ადგილზე იყო, ჩამორჩებოდა 1,1%-ით.

საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებშიც არ თმობს აზერბაიჯანი მოწინავე პოზიციებს. 2019 და 2020 წლებში ის მეხუთე ადგილს იკავებდა თურქეთის, რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის შემდეგ. 2022 წლის მონაცემებით იმპორტმა აზერბაიჯანიდან  640.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.7 %-ია. ეს მაჩვენებელი 12.8%-ით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფი თურქეთის მონაცემებს (17.5 %-ს). შედარებისათვის თურქეთის იმპორტმა 2374 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.7-ჯერ აღმატება აზერბაიჯანის მაჩვენებელს.

 

 

წყარო: https://www.geostat.ge/ka 

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2010-2022 წლებში ყველაზე მაღალი ექსპორტის რაოდენობა 2013 წელს დაფიქსირდა (709 მილიონი დოლარი), რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 24.4%-ს შეადგენდა. საქართველოს ექსპორტმა მინიმალურ მნიშვნელობას  2016 წელს მიაღწია (152,4 მილიონი აშშ დოლარი), ეს კი 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით 558 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. 2019 წლიდან კი მსოფლიოში გააქტიურდა კოვიდ-19-ის პანდემია, რომელმაც მთელ მსოფლიოში  კრიზისი  გამოიწვია.

2022 წელს  საქართველოს ექსპორტმა აზერბაიჯანში 672.7 მლნ. აშშ  დოლარი  და საქართველოს მთლიან ექსპორტში აზერბაიჯანის პროცენტულმა წილი 12%  შეადგინა. ამ მონაცემით ის მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ და უსწრებს რუსეთს.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის მონაცემების მიხედვით საექსპორტო საქონელს შორის პირველ ადგილს  იკავებდა მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები და  მათი ნაწილები, რომლებიც მთლიანი ექსპორტის 53%-ს შეადგენდა. შემდეგ მოდიოდა არაძვირფასი ლითონები დაახლოებით 10%-ს ოდენობით.  მესამე ადგილს კი იკავებდა კვების მზა პროდუქტები, სასმელები, თამბაქო 9%-ით, ამ საქონლის ჯგუფში განსაკუთრებით ჭარბობს ალკოჰოლური სასმელები. საქართველოს ექსპორტში ასევე ჭარბობს ცოცხალი ცხოველები (8%) და ქიმიური და ფარმაცევტული პროდუქტები (6%). ასევე 2011-2012 წელებში საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჯგუფები დაახლოებით წინა წლის მსგავსი იყო, თუმცა ამ ორი წლის განმავლობაში დაწინაურდა ცოცხალი ცხოველების ექსპორტი, რომელიც შესაბამისად 2011 წელს მესამე, ხოლო 2012 წელს მეორე ადგილს იკავებდა.

2013 წელს ექსპორტის მოცულობამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. საქონლის სტრუქტურა წინა წლების მსგავსი დარჩა, ხოლო მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების ექსპორტი  62%-მდე გაიზარდა და 43,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემდგომ წლებში ექსპორტის მოცულობამ შემცირება დაიწყო. ეს ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ 2014 წელს აზერბაიჯანმა აკრძალა 2006 წლამდე წარმოებული მანქანების იმპორტი, თუმცა 2015 წლის საექსპორტო საქონელს შორის სატრანსპორტო საშუალებები კვლავ პირველ ადგილს იკავებდა 88 მლნ. აშშ  დოლარით, რაც ექსპორტის 37%-ს შეადგენდა. სასაქონლო ჯგუფის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 202 მლნ აშშ დოლარით, საერთო ჯამში კი 70%-ით შემცირდა.

ასევე 2015 წლიდან ახლად წარმოებულ მანქანებზე გაიზარდა აქციზის  გადასახადი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ექსპორტი აზერბაიჯანში.  შედეგად საქართველოს საექსპორტო ქვეყნებს შორის აზერბაიჯანმა მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. 2016 წელს კი აზერბაიჯანში საქართველოს ექსპორტმა მიაღწია თავის მინიმალურ მნიშვნელობას. საექსპორტო საქონლიდან პირველ ადგილზე სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები იყო, რომელთა რაოდენობა 53 მლნ. აშშ დოლარამდე შემცირდა, მეორე ადგილს იკავებდა ქიმიური და ფარმაცეპტული პროდუქცია 31 მლნ. აშშ დოლარით, რაც 20%-ს წარმოადგენდა. მესამე ადგილზე იყო საკვები მზა პროდუქტები, სასმელები, თამბაქო, რომელთა აზერბაიჯანთან ექსპორტის პროცენტული შემადგენლობა 12%-ს შეადგენდა. საქართველოდან უალკოჰოლო გაზიანი სასმელების 41% სწორედ აზერბაიჯანის ბაზარზე გადის და სხვ.

საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში ზრდას უკვე 2017 წლიდან იწყებს,  თუმცა საექსპორტო საქონლის სტრუქტურა ისევ წინა წლების მსგავსია. დაახლოებით 98 მლნ აშშ  დოლარამდე გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები, ასევე მაღალია ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტი.  2018 წელს ექსპორტი 87%-ით გაიზარდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და 507.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდის ტემპი ძირითადად ისევ სატრანსპორტო საშუალებებზე და მათ ნაწილებზე მოდიოდა, რაც 212 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც აზერბაიჯანთან ექსპორტში 42% იყო. 2019 წელს საქართველოს ექსპორტის ზრდა აზერბაიჯანში უმნიშვნელო იყო.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოს მსოფლიოში კოვიდ 19-ის პანდემიამ შეამცირა ვაჭრობის მოცულობა. აზერბაიჯანთან ექსპორტის მოცულობა ამ პერიოდში 13% პუნქტით შემცირდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და 441.3 მლნ. აშშ დოლარი  შეადგინა. ექსპორტის შემცირება აზერბაიჯანთან არ ყოფილა მაშტაბური, ამის ძირითადი მიზეზი შეიძლება მასთან ტერიტორიული სიახლოვე იყო.  2021 წლიდან საერთაშორისო თანამე­გობრობა კოვიდ 19-ის პანდემიასთან ერთად იწყებეს განვითარებას. საქართველოში კოვიდ შეზღუდვები უკვე მცირდება, შედეგად აზერბაიჯანთან ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 20%-ით.

2022 წელს საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში  672.3 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც  წინა წლის ექსპორტს 26%-ით აღემატება. ძირითადი საექსპორტო საქონლი კვლავ  სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილებია, რომლებიც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით ნახევარს შეადგენს; კვების მზა პროდუქტები, სასმელი და თამბაქო − 11 %; ცოცხალი ცხოველები − 8%. წინა წელთან შედარებით ექსპორტში 62 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წილი, ცოცხალი ცხოველების ექსპორტი კი − 18 მლნ აშშ დოლარით. 

საქართველომ პრიორიტეტულად ექსპორტის წარმოება უნდა განავითაროს, მაგრამ იმავდროულად, იმპორტის შემცვლელი წარმოების გაძლიერებაც უნდა მოახერხოს [Basilia T., Silagadze A., Chikvaidze T. (2001) გვ. 429]. საქართველოს ძირითადი გამოწვევა უარყოფითი სავაჭრო სალდო, რაც 2022 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა 36%-ით და 7.96 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო აზერბაიჯანთან კი 32 მლნ აშშ დოლარია. საქსტატის 2022 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოს მთლიანი ექსპორტიდან 5583.4 მლნ. აშშ დოლარიდან დაახლოებით 66% ადგილობრივ ექსპორტზე მოდის. ადგილობრივი ექსპორტი აზერბაიჯანში კი  იყო 153,9 მლნ აშშ დოლარი. ეს მაჩვე­ნებელი 2021 წელთან შედარებით 41%-ით გაიზარდა.

ამრიგად, საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში ბოლო წლების განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებსა და მათ ნაწილებზე, კვების მზა პროდუქტებზე, ცოცხალ ცხოველებზე, ქიმურ და ფარმაცევტულ პროდუქტებზე მოდის. აღნიშნული საექსპორტო საქონლის სტრუქტურა არ იცვლება ბოლო წლების განმავლობაში.

აზერბაიჯანი ასევე საქართველოსათვის მნიშვნელოვანი იმპორტიორი ქვეყანაა ( შედის ათეულში). საქსტატის 2022 წლის მონაცემების მიხედვით, 640.4 მლნ. აშშ დოლარით მეექვსე ადგილი დაიკავა (2021 წელს − მე-5 ადგილი). მისმა წილმა მთლიანად საქართველოს იმპორტში კი  4.7% შეადგინა.

აზერბაიჯანის იმპორტმა საქართველოში 2010 წელს 485 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათგან 85% 414 მლნ. აშშ დოლარით მინერალური პროდუქტები, ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. მეორე ადგილზე იყო კვების მზა პროდუქტები; სასმელები; თამბაქო 4%-ით, ხოლო მესამე ადგილს ცხიმები და ზეთები იკავებდა 2%-ით. 2011 წელს აზერბაიჯანის იმპორტი წინა წელთან შედარებით 31%-ით გაიზარდა. აქედან საიმპორტო საქონელს შორის წინა წლის მსგავსად პირველ ადგილს მინერალური პროდუქტები გაზრდილი რაოდენობით იკავებდა, თუმცა იმპორტში მეორე ადგილზე  გადაინაცვლა ელექტროტექნიკურმა მანქანა-მოწყობილობებმა და მათმა ნაწილებმა 24 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების იმპორტმა 21 მლნ აშშ დოლარით.

 

წყარო:https://www.geostat.ge/ka 

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ყველაზე მაღალი იმპორტი დაფიქსირდა 2012 წელს. იგი 704 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რომლის 87% ისევ მინერალურ პროდუქტებს და ნავთობს ეკავა. 2013 წელს წინა წელთან შედარებით იმპორტი 7%-ით შემცირდა. ამ წელს ექსპორტის მოცულობამ მაქსიმალურ დონეს მიაღწია გასული თორმეტი წლის განმავლობაში და იმპორტს გადაუსწრო.

2014 წელს აზერბაიჯანიდან იმპორტი შემცირებას აგრძელებს 640 მლნ. აშშ დოლარამდე, თუმცა საქონლის ძირითადი სტურქტურა ისევ ისეთია. იმპორტიდან 12 მილიონი დოლარი მოდის ელექტოროენერგიაზე. იმპორტის შემცირების პროცესი გაგრძელდა 2016 წლამდე და მინიმალურ მნიშვნელობას, 492.6 მლნ აშშ დოლარს გუატოლდა, საიდანაც მინერალური პროდუქტებისა და ნავთობის წილმა 427.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (87%).

2017 წელს აზერბაიჯანიდან იმპორტი 15%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, საიდანაც მეორე ადგილს იკავებდა არაძვირფასი ლითონები 15 მლნ აშშ დოლარით. 2018 წელს იმპორტირებული საქონლის სტრუქტურა 2017 წლის ანალოგიური იყო და პირველ ადილზე ისევ მინერალური პროდუქტები და ნავთობი რჩებოდა 488 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილს არაძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი იკავებდა 20 მლნ. დოლარით, ხოლო მესამე ადგილს − ელექტროტექნიკური მანქანა-მოწყობილობები და მათი ნაწილები 18 მლნ. აშშ დოლარით.

2019 წელს იმპორტმა შეადგინა 559 მლნ აშშ დოლარი, საიმპორტო საქონლის სტრუქტურაში კი გაიზარდა კვების მზა პროდუქტების, სასმელებისა და თამბაქოს წილი 16 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო ელექტროტექნიკური მანქანა-მოწყობილობები და მათი ნაწილები შემცირდა 5 მლნ აშშ დოლარამდე.

2020 წელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანში კოვიდ 19-ის ვირუსი ვრცელდება, ქვეყნები ერთმანეთთან ამცირებენ ვაჭრობას. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორისაც შემცირდა იმპორტი 513 მლნ. აშშ დოლარამდე, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8% პუნქტით შემცირდა. 2021 წელს შედარებით შემსუბუქდა მთავრობების მიერ დაწესებული რეგულაციები და განახლდა ვაჭრობა აზერბაიჯანთან იმპორტი გაიზარდა 598.4 მილიონი აშშ დოლარამდე, რაც 85 მილიონით მეტია წინა წელთან შედარებით. აქედან 82% მინერალურ რესურსებს წარმოადგენდა, 38 მლნ აშშ დოლარის 6%-ს − არაძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი, ხოლო პლასტმასები, რეზინი და მათი ნაწარმის იმპორტი დაახლოებით 13 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც იმპორტის 2%-ს შეადგენდა.

2022 წელს აზერბაიჯანიდან საქონლის იმპორტი 640 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო საიმპორტო სასაქონლო სტრუქტურა დაახლოებით თანაბარია [საქსტატი, 2022]. 2021 წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან განხორციელებულ იმპორტში იკლო მინერალურმა პროდუქტმა, საწვავმა და ნავთობმა 17 მლნ აშშ დოლარით. ამგვარად აზერბაიჯანიდან საქონლის იმპორტი საკმაოდ მაღალია. ძირითად სავაჭრო საქონელს წარმოადგენს მინერალური პროდუქტები, ნავთობი და ნავთობპროდუქცია, რომელიც დაახლოებით 80%-ს აჭარბებდა ყოველი წლის იმპორტში.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ცნობილია, რომ 2022 წელს საქართველოში საქონლით სავაჭრო ბრუნვამ მთლიანად 19.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც აზერბაიჯანთან საქონლით სავაჭრო ბრუნვაზე მოდის 1313.1 მლნ აშშ დოლარი.  2022 წელს  ექსპორტის მოცულობა 672.2 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც სავაჭრო ბრუნვის 51.2%-ს შეადგენს. ხოლო იმპორტი 640.4 მილიონი აშშ დოლარი იყო და 48.8%-ს უტოლდებოდა.  შესაბამისად საქარველოს ექსპორტი აზერბაიჯანში აჭარბებს იმპორტს 32.2 მლნ აშშ დოლარით. 2013 წლის შემდეგ მეორედ დაფიქსირდა დადებითი სავაჭრო სალდო. ძირითადად ყოველთვის იმპორტი გაცილებით აღემატება და აჭარბებს ექსპორტს. საქართველოსა და აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი წინა წელთან  შედარებით 16.2%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში  საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა  ყველაზე მაღალი იყო  2012, 2013 და 2022   წლებში. 2013  წელი იმითაც არის, გამორჩეული, რომ 2010-2021 წლებში პირველად აღინიშნა დადებითი   სალდო და საქართვე­ლოს ექსპორტმა აზერბაიჯანში გადააჭარბა იმპორტს 57 მლნ აშშ დოლარით.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 2016 წელს შემცირდა 644.8 მლნ აშშ დოლარამდე. ამ დროს ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობამ თავის მაქსიმალურ მნიშვნელობას მიაღწია. ექსპორტის წილი სავაჭრო ბრუნვაში 24% იყო, იმპორტის კი − 76%. იმპორტის ასეთი მაღალი წილი შემდგომში აღარ დაფიქსირებულა. პანდემიის პერიოდში სავაჭრო ბრუნვაში დაახლოებით 53%-ს წარმოადგენდა იმპორტი, ხოლო ექსპორტი დაახლოებით 47% იყო.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ ზემოთ განხილული ანალიზი, საქართველოს აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა ძირითადად უარყოფითად განიხილება, იმპორტი უმეტესად აჭარბებს ექსპორტს, თუმცა მათი პროცენტული წილი დაახლოებით თანაბარია. 

დასკვნა

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან (თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი) აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას 2022 წელს აქვს დადებითი სავაჭრო ბალანსი.

საქართველოს საექსპორტი საქონელს შორის აზერბაიჯანში პირველ ადგილს  იკავებს სატრანსპორტო საშუალებები და  მათი ნაწილები.

ცნობილია, რომ აზერბაიჯანი არაა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი.  მიგვაჩნია მისი ვმო-ის წევრობა მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს მხარეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ასევე სავაჭრო ურთიერთობებში იმ  განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმის დისბალანსის გასწორებას, რაც რიგ საქონელზე არსებობს.

ორივე ქვეყანა მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას. სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყნები აქტიურად ცდილობენ ადგილის დამკვიდრებას მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებს შორის, ატარებენ ამ მხრივ სხვადასხვა ღონისძიებებს და ცდილობენ მსოფლიოში მიმდონარე ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვას.

საქართველოს და აზერბაიჯანის ისტორია მჭიდროდ არის ერთანეთთან დაკავშირებული. მათ საბაზრო ეკონომიკის განვითარება ბოლო 30 წელია რაც დაიწყეს. ისინი აქტურად მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტებში. ცხადია, ურთიერთობები მხოლოდ ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროს არ აერთიანებს. არის საკითხები, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც გადასაჭრელია. ყველაზე პრობლემატური კი ოფიციალური საზღვრის დაწესებაა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე საზღვრის მონაკვეთზე. არსებული უთანხმოება დღემდე გრძელდება, რასაც ყოველთვის შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს მხარეთა შორის სავაჭრო (და არა მარტო სავაჭრო) ურთიერთობებზე.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში მართებულადაა აღნიშნული, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ ქვეყნებთან თანა­მშრომლობას და თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯებით ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურად მიმზიდველ, მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონად გადაქცევას. საქართველო ისწრაფვის აზერბაიჯანთან და სომხეთთან მჭიდრო, პარტნიორული ურთი­ერთობების გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოებისკენ.  ქვეყნებს შორის ურთიერთობებს მყარი ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური საფუძველი გააჩნია.  წლებია ისინი წარმოადგენენ სტრატეგიულ  სავაჭრო პარტნიორებს.  ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების ფონზე აზერბაიჯანთან  მჭიდრო სავაჭრო კავშირები პერსპექტივაში კიდევ უფრო გაიზრდება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Basilia T., Silagadze A., Chikvaidze T. (2001) Post-Socialistic Transformation: Georgian Economy at the Threshold of the XXI Century. Tbilisi (in Georgian).
  2. Eurostat. (2021). European Neighbourhood Policy countries - statistical overview. online Eurostat publication.
  3. Papava V., Silagadze A., (2019). “How the Term the “Gross Domestic Product” should be Translated into Georgian.” Globalization and Business, No. 7:203-204. (In Georgian.)
  4. Putkaradze R. ACTUAL ISSUES OF THE FOREIGN TRADE OF GEORGIA. Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane JAvakhishvili Tbilisi State University. Proceedings of Materials of International Scientific-Practical Conference Dedicated to the 60th Birth Anniversary of Professor George Tsereteli NATIONAL ECONOMIES AND GLOBALIZATION. 28-29 June 2012. pp. 51-58
  5. Putkaradze R. Historical Aspects of Trade and Economic Relations between Georgia and the European Union. Zeszyty Naukowe UNIWERSYTETU PRZYRODNICZO-HUMANISTYCZNEGO w SIEDLCACH Seria: Administracja i Zarządzanie. Scientific Journal Nr 107. Poland. 2015.
  6. Putkaradze R. Perspectives of Georgia-European Union trade relacions. Istanbul international annual conference on the economic cooperation and development within the black sea basin Countries. Donetsk Nacional University. Collection of Scientific Works. Part I. Istambul-Donetck. 2010.
  7. Putkaradze,  R. (2010). Trade and Economic Relations between Georgia and the European Union: Problems and Perspectives.  Universali, Tbilisi. (In Georgian).
  8. Putkaradze, R. (2012). ACTUAL ISSUES OF THE FOREIGN TRADE OF GEORGIA. PaataGugushvili Institute of Economics of IvaneJAvakhishvili Tbilisi State University. Proceedings of Materials of International Scientific-Practical Conference Dedicated to the 60th Birth Anniversary of Professor George Tsereteli NATIONAL ECONOMIES AND GLOBALIZATION. p. 51-58. (In Georgian).
  9. Putkaradze, R. (2015). Historical Aspects of Trade and Economic Relations between Georgia and the European Union. ZeszytyNaukowe UNIWERSYTETU PRZYRODNICZO-HUMANISTYCZNEGO w SIEDLCACH Seria: AdministracjaiZarządzanie. Scientific Journal,  Nr 107, 2015. ZeszytyNaukowe UNIWERSYTETU PRZYRODNICZO-HUMANISTYCZNEGO w SIEDLCACH Seria: AdministracjaiZarządzanie, Poland.
  10. Putkaradze, R. (2019). Georgia in the European Union's  Eastern Partnership Countries: Historical Aspects and Challenges. Journal, Ecoforum Journal. Volume 8, Issue 1(18).
  11. Putkaradze, R., Chania, M. (2018) The Priorities of Georgian Economic Development in Conditions of Globalization.  European Journal of Marketing and Economics, v. 1, n. 1, p. 63-66.
  12. World Trade Organization (2022). World Trade Statistical Review.
  13. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო https://mfa.gov.az/
  14. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი https://www.stat.gov.az/menu/2/?lang=en
  15. მამედოვა ნ. 2004. საქართველოსა და აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობები. თსუ შრომები ,,ეკონომიკა“, N3-4.
  16. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია https://www.matsne.gov. ge/ka/document/view/1555410?publication=0 
  17. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - https://www.mfa.gov.ge/
  18. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) https://www.geostat.ge/ka
  19. შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1211460?publication=0